რასიზმი და დისკრიმინაცია „აზიატები“

რასიზმი არის კანის ფერის, რასობრივი, ეთნიკური ან რელიგიური კუთვნილების საფუძველზე ადამიანის ჩაგვრა, დამცირება,დისკრიმინაცია თავის მხრივ წარმოადგენს შეზღუდვას, უპირატესობის მინიჭებას თანაბარი უფლებებისა და მათი დაცვის უარყოფის მიზნით, ეს არის თანასწორობის პრინციპის შელახვა და ადამიანის ღირსების ხელყოფა. როდესაც გვესმის ეს ორი  სიტყვა, პირველ რიგში, წარმოიქმნება სწორედ ამ განმარტების ასოციაცია. გარდა თავად მნიშვნელობისა, რასიზმი, ბოლო საუკუნეების, მონათმფლობელობის ზეგავლენით გვახსენებს სწორედ შავკანიანი მოსახლეობის დამცირება – დისკრიმინაციას. თითქოს თანამედროვე საზოგადოებაში რასიზმის როლი არის ნაკლებად გამოკვეთილი, მაგრამ რეალურად ეს მოვლენა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა და ეხება არამხოლოდ შავკანიან მოსახლეობას.

რასიზმი, დისკრიმინაცია ხშირად გვხვდება აზიური წარმოშობის მოსახლეობის წინაშე, განსაკუთრებით ეს გამოკვეთილი არის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სკოლა, კოლეჯი, უნივერსიტეტი თითქოს ყველაზე ტოლერანტული ადგილი უნდა იყოს, მაგრამ რეალურად ეს არის ის ადგილები, სადაც განსხვავებული წარმოშობის, რასის, თვალის ფერის, ჭრილის გამო ხდება ადამიანის უფლებების შეზღუდვა, მისი დამცირება.

არსებობს არაერთი მაგალითი აზიელი ეროვნების ადამიანის უფლებების შეზღუდვასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა იყო ჰარვარდის უნივერსიტეტში- აზიური წარმოშობის სტუდენტებმა უჩივლეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, მათი მოსაზრებით ისინი ნაკლებად ღებულობდენ აზიური წარმოშობის სტუდენტებს, იმისათვის, რომ უნივერსიტეტში მათი რაოდენობა შემცირებულიყო. გარდა ამისა, ამავე უნივერსიტეტის სტუდენტები საუბრობენ იმის შესახებ, რომ ამერიკული წარმოშობის აზიატებს ჰარვარდი უყენებს უფრო დიდ მოთხოვნებს, ან საერთოდ აჯიბრებს ერთმანეთს, სანამ ისინი ჩაირიცხებიან სასწავლებელში. 2008-დან 2012 წლების განმავლობაში ასობით აზიური წარმოშობის სტუდენტებმა უჩივლეს დისკრიმინაციის გამო ცნობილ ამერიკულ უნივერსიტეტებს.

აქტიური დისკრიმინაცია და დამცირება ხდება ასევე სკოლებში, ბავშვებს დასცინიან, შეურაცმყოფენ მათი გარეგნობის გამო.

აზიელების დისკრიმინაცია დამახასიათებელია ასევე საქართველოსთვის, თუმცა აქ უფლებების შეზღუდვა უფრო მორალური, არაპირდაპირი გზით ხდება. ყველა აზიელი თავსდება ერთ ქვაბში – „ჩინელები“, გავრცელებული არის სტერეოტიპები, რომ ისინი არიან დაბლები, მახინჯები, ე.წ. ყვითელი რასის წარმომადგენლები და ამ ფაქტის გამო იმყოფებიან ჩვენზე დაბალ დონეზე.

ეს ფაქტი მეტყველებს ცოდნის, განათლების დაბალ დონეზე, ამ შემთხვევაში იგულისხმება არა უმაღლესი განათლების არქონა, არამედ  სწორედ ზედაპირული სტერეოტიპების მიღება, იმის ნაცვლად, რომ  მიიღონ უფრო ღრმა ინფორმაცია კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. აზიის ნებისმიერ ქვეყანას გააჩნია სრულიად ინდივიდუალური კულტურა, მისი მოსახლეები განსხვავდებიან ქცევით, გარეგნობით, აქვთ განსხვავებული ენა, დამწერლობა, ტრადიციები, ჩაცმულობა და ა. შ. ისევე როგორც ნებისმიერ ევროპის ქვეყნებს. მათი დამაკავშირებელი და სწორედ იმ თვალის ჭრილის არსებობის მიზეზი არის მონღოლოიდური წარმოშობა და გარემო პირობები.

ბიოლოგიურად მსოფლიოში ყველას გვაქვს ერთი, საერთო წარმოშობა, შესაბამისად ამგვარი დისკრიმინაცია არის ნებისმიერი ადამიანისთვის შეურაცმყოფი.

დისკრიმინაცია არამხოლოდ ზღუდავს  ამ ადამიანების უფლებებს, გარდა ამისა, ხდება მათი მორალური დამცირება, მათ უყალიბდებათ მოსაზრება, თითქოს რაღაცით ჩამორჩებიან ევროპული წარმოშობის ადამიანებისაგან. ეს არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ აზიური წარმოშობის ქვეყნებში ბოლო ათწლეულების განმავლობაში ძალიან პოპულარული გახდა პლასტიკური ოპერაციები, სტერეოტიპების, რასისტული დამოკიდებულების გამო ისინი ებრძვიან საკუთარ ბუნებრივ გარეგნობას და ქირურგიული ჩარევის მეშვეობით ცდილობენ დაემსგავსონ ევროპელ მოსახლეობას.

რეალურად ყველა ადამიანი არის ცალკეული ინდივიდი, ის არის უნიკალური, როგორც გარეგნულად ასევე გენეტიკურად. ცალკეული კულტურის, სრულიად განსხვავებული ტრადიციების მქონე ადამიანების მხოლოდ ერთი რასისთვის მიკუთვნება(ე.წ. „ჩინელები“)  ნიშნავს სწორედ ამ უნიკალურობის უარყოფას.

გავრცელებული სტერეოტიპები აყენებს დიდ ფსიქოლოგიურ ტრავმას, ბავშვს, რომელსაც  აქვს მისი თანატოლებისაგან განსხვევბული გარეგნული ნიშნები. დაცინვა, შეზღუდვა, „იარლიყები“, უყალიბებს კომპლექსებს, კვალს ტოვებს მის თვით შეფასებაზე, რაც შემდეგ შეიძლება უფრო დიდ პრობლემაში გადაიზარდოს.

ადამიანს არ აქვს უფლება რაიმე ნიშნით, დაამციროს და შეზღუდოს სხვა კონკრეტული ადამიანი. არც ერთი რასის წარმომადგენელს აქვს უპირატესობა, უნდა გვახსოვდეს, რომ ყველას გვაქვს ერთი საწყისი, მაგრამ ამავდროულად ყველა ვართ ერთი დიდი სამყარო, ცალკეული ინდივიდი.

 სალომე მელაძე

 

This entry was posted in სალომე მელაძე,  სიახლეები. Bookmark the permalink.